საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა წინა დღეებთან შედარებით ადრე დაიწყო. სისტემატურად იყენებდნენ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ აირს, მომიტინგეები კი ისევ პიროტექნიკას და სხვადასხვა საგანს ისროდნენ სამართალდამცველების და პარლამენტის შენობის მიმართულებით. პროტესტის დაწყებიდან მალევე, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. დაკავებების პროცესი მოგვიანებით ისევ გაგრძელდა. დაახლოებით ღამის 12 საათზე გადაინაცვლეს აქციის მონაწილეებმა სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბარიკადები აღმართეს, ცეცხლი დაანთეს და დროდადრო პიროტექნიკას იყენებდნენ სპეცრაზმელების მიმართულებით. აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა გოგონამ სპეცრაზმის კორდონი გაარღვია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქციის მონაწილეები რჩებოდნენ ქაშუეთის ეკლესიის ეზოში და ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი გზა ჩაკეტა. მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს. პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ბარიკადები მოაწყვეს, გადაკეტეს გზა. მოგვიანებით ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმი მელიქიშვილის გამზირის მხრიდან გამოჩნდა. მიიყვანეს სპეციალური ტექნიკაც, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. სამართალდამცველებმა ჩააქრეს ცეცხლიც, რომელიც მომიტინგეებმა ხელოვნურად აღმართულ ბარიკადებს წაუკიდეს. მომიტინგეებმა გადაადგილება დაიწყეს ვაკის პარკისკენ, რის შემდეგაც ყიფშიძის ქუჩაზე გადაინაცვლეს. ისინი მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, გამოსულიყვნენ აქციაზე. აქვე ადგილი ჰქონდა ინციდენტს, აქციის მონაწილეებმა მედიასაშუალებების დანახვაზე გაღიზიანდნენ და მოუწოდეს ჟურნალისტებს, არ გადაეღოთ, რადგან მათი აზრით, სწორედ მედიასაშუალებების დახმარებით იგებდნენ მათ გადაადგილებას სამართალდამცველები და იყო დაკავებების რისკი.
გუშინდელი აქციის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საგზაო მოძრაობა გახსნილია. ადგილზე „თბილ-სერვის ჯგუფის“ სამსახური იმყოფებოდა და დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა. დასუფთავების სამსახური იმყოფებოდა ჭავჭავაძის გამზირზეც. სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ჩააქრო ცეცხლი, რომელიც მომიტინგეების მიერ მოწყობილ ბარიკადებს ეკიდა.