რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყება
თბილისის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაცია იწყება.
რამდენჯერმე ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ, თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის, კომპანია „სმარტ სოლუშენთან“ ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა. შედეგად, თბილისის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძი ხვალ ღამის 12:00 საათიდან გადაიკეტება და ოთხი თვის განმავლობაში თამარ ჭოველიძის ქუჩიდან, თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. მასშტაბური რეაბილიტაციისთვის 50 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პირველ ეტაპზე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. რაც შეეხება მეორე ეტაპს, მიწის ზედა სამუშაოები ისტორიული გამზირის სრულ მოდერნიზაციას ითვალისწინებს. მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, განათების ახალი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, დაირგვება ახალი მწვანე ნარგავები. საავტომობილო პერიმეტრზე კი რამდენიმე ფენა ასფალტ ბეტონის საფარი დაიგება. მოძრაობის რა ალტერნატიული მარშრუტები იმოქმედებს რეაბილიტაციის პერიოდში და როდის დასრულდება სამუშაოები – ნახეთ დესი ვარდოსანიძის სიუჟეტი.