რუსოფობიური კამპანიის რისკები – პრემიერის გზავნილები
ორმაგი სტანდარტები და გარედან ორკესტრირებული ანტირუსული განწყობები – ადრესატების მხრიდან ამ დრომდე პასუხგაუცემელია პრემიერის კითხვა, რატომ არ გაატარა ყოფილმა ხელისუფლებამ ცალსახად ანტირუსული პოლიტიკა აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ ჩამოყალიბდა მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ოკუპანტ ქვეყანასთან მხოლოდ 2022 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა. ვიდრე 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ეკონომიკური და კულტურული კავშირების აღდგენის მცდელობებს და ოკუპანტი ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემის მიზეზებს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები განმარტავენ, მოქმედ ხელისუფლებას საკუთარი ვერსია აქვს – ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები გარე აქტორების დავალებით. სწორედ უცხო ძალების მორჩილებით ხსნის მმართველი პარტია ოპონენტების პოზიციების რადიკალურ ცვლილებას რუსეთთან მიმართებით. გარე დირექტივად განიხილება გააქტიურებული რუსოფობიური განწყობებიც. მაშინ, როდესაც მმართველი გუნდი ოპონენტებს მძიმე ბრალდებებს უყენებს და ქვეყნის ომში ჩართვის ახალ მცდელობებზე მიუთითებს, ოპოზიცია ხელისუფლებას პრორუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.