რუსლან აბაშიძე თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, რუსლან აბაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა. საუბარს აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ისაუბრეს იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც აჭარის მთავრობა რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისადმი იჩენს.

ხაზი გაესვა განათლების მიმართულებით აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებას. კერძოდ, ბათუმში მცხოვრები აფხაზური წარმომავლობის მოსახლეობისთვის, ენის შენარჩუნების მიზნით, რამდენიმე საჯარო სკოლაში სპეციალური სასწავლო პროგრამა ამოქმედდა. შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლოდ ერთობლივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.