რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების ევროპული გეგმა

ენერგეტიკული სანქციების დასაწესებლად კიევიდან დასავლეთის მიმართ მოწოდებები

კიდევ უფრო მკაცრდება.

უკრაინის მოლოდინია, რომ ევროკავშირის მეექვსე სასანქციო პაკეტში რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების საკითხიც იქნება გათვალისწინებული. ეს პაკეტი დღეს უნდა წარადგინონ. ენერგორესურსების, განსაკუთრებით კი ნავთობის იმპორტის შეზღუდვების ნაწილში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება. თუმცა, საგანგებო ზომების მიღებაზე, მარაგების შექმნასა და ალტერნატიული გზების მოძიებაზე ევროკავშირში დისკუსია სულ უფრო აქტიურდება. რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტის შემცირება ბრიუსელისთვის პრიორიტეტად ცხადდება.

პროგნოზები მძიმეა ბუნებრივი აირით მომარეგების კუთხითაც. ბრიუსელში ვარაუდოებენ, რომ მოსკოვის მხრიდან შანტაჟის მთავარი იარაღის გამოყენება მხოლოდ პოლონეთით და ბულგარეთით არ შემოიფარგლება და მოსკოვმა გაზის მიწოდება შესაძლოა ევროპის ნებისმიერ ქვეყანას შეუწყვიტოს. ამ პროგნოზს გაზის საფასურის რუბლებში გადახდის შესახებ რუსეთის მოთხოვნაზე ევროპის ქვეყნების უარიც ამყარებს.