რუსეთში პრეზიდენტს ირჩევენ

რუსეთში პრეზიდენტს ირჩევენ.

პირველად ხმის მიცემის პროცესი ჩუკოტკის ოლქში დაიწყო. რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, ხმის მიცემის უფლება 110 მილიონ ამომრჩეველზე მეტს აქვს. საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა რამდენიმე კანდიდატმა, მათ შორის რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რომელიც, ყველა პროგნოზით კიდევ 6 წლით დაიკავებს რუსეთის ლიდერის თანამდებობას.

ქვეყნის მასშტაბით 97 ათასი უბანია გახსნილი. 400 უბანი მუშაობს საზღვარგარეთ. მათ შორის არ იქნება საქართველო და უკრაინა. უკრაინის მთავრობამ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ რუსეთის საელჩოებში გახსნილ უბნებზე რუსეთის მოქალაქეებს არ შეუშვებს. ამის მიზეზი ისა არის, რომ წელს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები ანექსირებულ ყირიმშიც იმართება.

საპრეზიდენტო მარათონში რვა კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.

არჩევნების პირველ წინასწარ შედეგებს თბილისის დროით 22 საათზე გამოაცხადებენ.