რუსეთში გლოვის დღეა

მოსკოვის მახლობლად სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, დღეს რუსეთში გლოვის დღეა.

როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს, ავიაკატასტროფის ძირითად მიზეზებს შორის განიხილება ძრავის აალება, სპიდომეტრის გაუმართაობა, შესაძლო მოყინულობა და მფრინავის მიერ დაშვებული შეცდომა.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, ექსპერტები ტერაქტის ვერსიას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ.

როგორც ავიაკომპანია „სარატოვის ავიახაზებში“ განაცხადეს, გაფრენამდე АН-148-მ ტექნიკური მომსახურების პროცედურა გაიარა. სარატოვის ოლქის პროკურატურაში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი გამართულ მდგომარეობაში იყო.

„სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი ან-148 მოსკოვიდან ორსკში მიფრინავდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ის აფრენიდან დაახლოებით ოთხ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 65 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

თვითმფრინავის მიწასთან შეჯახების შედეგად მომხდარი აფეთქება ერთ-ერთი სახლის გარე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

მომხდარი ტრაგედიის გამო, პიონჩანგში ოლიმპიურ სოფელში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გლოვის ზონა გამოყო და სამძიმარი გამოთქვა.

ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერმა განაცხადა, აშშ დამწუხრებულია თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ადამიანების ტრაგიკული გარდაცვალების გამო.