რუსეთს საქართველოსთვის 253 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო. საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. განგრძობადი ოკუპაცია“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა საქართველოს 253 მილიონ ევროზე მეტი უნდა გადაუხადოს.
მათივე ცნობით, რუსეთის ქმედებების გამო, 29 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. სასამართლომ საქართველოს მთავრობას მიანდო ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რუსეთის მიერ გადახდის შემდეგ მსხვერპლისთვის თანხების გადასანაწილებლად. მისი მეშვეობით დაზარალებულებმა კომპენსაცია 18 თვის განმავლობაში უნდა მიიღონ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ საქმეზე, 2024 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთს დაეკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის ფონზე მიმდინარეობს. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მინისტრთა კომიტეტი აგრძელებს სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობას იმის მიუხედავად, რომ 2022 წლიდან რუსეთი მისი ხელმომწერი აღარ არის. გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ” დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეების ლოგიკური გაგრძელებაა. „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“ ე.წ. დეპორტირებულების საქმეში, რომელიც რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა, სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების მასობრივი დეპორტაციისა და მათ მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო, რუსეთის ფედერაციას 10 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. ასევე, საზოგადოებისათვის ცნობილია გადაწყვეტილება „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ ე.წ. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, რომლითაც აგვისტოს ომისა და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევებისთვის რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.“- წერია განცხადებაში.