რუსეთმა კიევზე იერიში ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით განახორციელა. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 44 ადამიანი კი დაშავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულებიდან 28 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება, მათ შორის ორი ბავშვია, რომელთა მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა. დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ამავე ინფორმაციით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებლები, სულ მცირე, ათი ძლიერი აფეთქების შესახებ იტყობინებიან. უკრაინული მხარე მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენას ურჩევს და მათ მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ აფრთხილებს. შევჩენკოს რაიონში რაკეტის ნამსხვრევები 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, ამავე ტერიტორიაზე მდებარე სკოლის შენობის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა. სოლომენსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ხანძარი მე-20 სართულზე გაჩნდა. ასევე დაზიანდა კერძო სახლი. ნამსხვრევები მრავალსართულიანი კორპუსის სახურავზე ჩამოცვივდა დარნიცკის რაიონშიც.