რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი დაიჭრა

როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში მძიმედ დაჭრეს. მედიის ცნობით, მას საარტილერიო დაბომბვის დროს ჭურვის ნამსხვრევი ხერხემლის არეში მოხვდა. როგოზინი ნოემბრის შემდეგ მეთაურობს სამხედრო მრჩევლების ჯგუფს „სამეფო მგლები“, რომლებიც დონბასში სეპარატისტების ქვედანაყოფებს სამხედრო-ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ. ის 21 დეკემბერს ოკუპირებულ დონეცკში სასტუმროსა და რესტორნის დაბომბვის დროს დაიჭრა, სადაც ის დაბადების დღეს აღნიშნავდა. მომხდარის შესახებ როგოზინმა „ტელეგრამის“ არხზე თავად დაწერა. მასთან ერთად დაიჭრა ოკუპირებულ დონეცკში რუსეთის მიერ ე.წ. პრემიერ-მინისტრად დანიშნული ვიტალი ხოცენკოც. როგორც იუწყებიან, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, დაბომბვის ადგილზე მყოფი რუსი დეპუტატი ალექსეი ჟურავლიოვი ერთი დაღუპულის შესახებ იუწყება, ხოლო სეპარატისტები ორი გარდაცვლილის შესახებ იტყობინებიან.