რუსეთის შეუსრულებელი ვალდებულება

სტრასბურგი მოსკოვს საქართველოსთან დაკავშირებული ვალდებულების სასწრაფოდ შესრულებისკენ მოუწოდებს. საუბარია იანვარში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 2006 წელს ფედერაციიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. თუმცა რვა თვის შემდეგაც საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდება მხოლოდ ფურცელზე რჩება.

საქართველოს მოთხოვნით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საკითხი კიდევ ერთხელ განიხილა და მოსკოვს 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადასახდელად ვადაც დაუწესა – 2020 წლის აპრილის ბოლომდე. თანხას 1 500-მდე ადამიანი ელოდება, რომლებიც 13 წლის წინ რუსეთიდან გამოაძევეს, დეპორტაციამდე კი ისინი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ.