რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. ქვეყნის შეიარაღებული ძალები პოზიციების შენარჩუნებას ცდილობენ. ხარკოვში დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ორი ბავშვია. ასევე დაშავებულია ხუთი წლის გოგონა. ამ წუთებში ბრძოლები კიევის დასავლეთ გარეუბანში მიმდინარეობს. რუსულმა თვითმფრინავებმა ისევ დაბომბეს სუმი და ახტირკა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამიზნე საცხოვრებელი უბნები და გაზსადენი იყო. თავდაცვის ძალები იერიშებს დონეცკისა და სლოვოჟანსკის მიმართულებით იგერიებს. ღამის განმავლობაში საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობდა ხარკოვსა და მარუპოლშიც. ღამით აფეთქების ხმა იყო კიევში, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ადგილობრივი დროით 9 საათიდან, ამოქმედდება სულ ექვსი ჰუმანიტარული დერეფანი სუმიდან, კიევის ოლქის დასახლებული პუნქტებიდან, ენერგოდარიდან, მარიუპოლიდან, იზიუმიდან და ვოლნოვახადან. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ სხვადასხვა მონაცემები ვრცელდება. ამერიკის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, 6000-მდე რუსი სამხედროა გარდაცვლილი, 15-დან 18 000 კი დაშავებული. გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან, უკრაინაში დაიღუპა და დაშავდა სულ მცირე 1 424 ადამიანი, თუმცა, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ეს მონაცემები ზუსტი არ არის და სრულ სურათს არ ასახავს.