რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
რუსეთი უკრაინის დასახლებულ პუნქტებს ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით დაესხა თავს. 29 მარტის ღამეს რუსეთმა შეტევა განახორციელა „კინჟალის“ ტიპის აერობალისტური რაკეტითა და 442 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან, დაახლოებით 300 „შაჰედის“ ტიპის იყო. წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა ღამით ჩამოაგდეს ან ჩაახშეს 380 უპილოტო საფრენი აპარატი. ამასთან, უკრაინის ტერიტორიაზე, 7 სხვადასხვა ადგილას 16 მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა დარტყმა. უკრაინული მედია წერს, რომ სამიზნე გახდა ენერგეტიკული და სამოქალაქო ობიექტები. თავდასხმის შედეგად, ნიკოლაევის ოლქში ათი ადამიანი დაშავდა, მათ შორის – ქალები და ბავშვები. სამიზნე იყო ოდესის, სუმის და ხმელნიცკის რეგიონებიც.