რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთმა ღამით კიევი დაბომბა. ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 19. თავდასხმამ საცხოვრებელ სახლებსა და ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეფერხებულია. დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი სასწრაფო დახმარების ექიმი იყო. მისივე თქმით, დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე ორ საცხოვრებელ კორპუსს დრონი დაეცა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დედაქალაქში საჰაერო განგაში ხუთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარტნიორებს მოსკოვზე ზეწოლის გასაძლიერებლად ზომების დაუყოვნებლივ მიღებისკენ მოუწოდა.