რუსული მხარის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა, თავდასხმის სამიზნე კი – საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა გახდა. ამასთან, დნეპროვსკის ოლქში იერიშების შედეგად დაზიანდა ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა. იერიშების სამიზნე ოდესის რეგიონიც გახდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, 25 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 460-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის 22 რაკეტა გამოიყენა. ზელენსკის თქმით, დარტყმების მთავარი სამიზნე ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ კი აღნიშნა, რომ უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით დარტყმებით, პუტინმა თავისი ტერორისტული პასუხი გასცა პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო წინადადებებზე. პარალელურად, რუსული მხარე კრასნოდარსა და როსტოვის ოლქში, უკრაინის უპილოტო აპარატების თავდასხმის შესახებ აცხადებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ღამით როსტოვის ოლქის თავზე 16 დრონი ჩამოაგდეს. თავდასხმის სამიზნე გახდა ქალაქი ნოვოროსიისკი, ტუაფსე და გელენჯიკი, სადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კრასნოდარის მხარეში სულ 76 დრონი ჩამოაგდეს.