რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ხერსონის რეგიონის დაბომბვას, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. იერიშს 69 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსების მიერ ნასროლი ჭურვი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. რუსეთმა მასირებული იერიში მიიტანა ხარკოვზეც. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და დაშავებულია სამი ადამიანი. დაიბომბა ჩერნიგოვის ოლქის, იჩნიანსკის რაიონში მდებარე ელექტრო ობიექტიც. უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მუდმივად მზარდ თავდასხმებზე საპასუხო რეაგირების არარსებობის გამო, უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას აკრიტიკებს. ზელენსკის აზრით, დასავლეთის უმოქმედობის გამო, ვლადიმერ პუტინი მათ დასცინის. პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებით, 251 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ბელგოროდის გუბერნატორის თქმით, უკრაინული თავდასხმების შემდეგ, ბელგოროდის ოლქის 5400 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.