რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ხარკოვის მიმართულებით დილით შეტევები განახორციელეს რუსმა სამხედროებმა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმისას რუსულმა მხარემ „შაჰედები“ გამოიყენა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და სამედიცინო დაწესებულება. ინფორმაციას ხარკოვის მერი ავრცელებს.  მისი თქმით, დაზარალდა სამშობიარო, სადაც ქალები ახალშობილებთან ერთად იმყოფებოდნენ.  თავდასხმების შედეგად გაჩენილი ხანძარი 20 კვადრატულ მეტრის ფართობზე გავრცელდა. იერიშების სამიზნე გახდა დნეპროპეტროვსკის ოლქიც. დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და ელექტროგადამცემი ხაზი. გასული ღამის განმავლობაში რუსულმა მხარემ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონი რამდენჯერმე დაბომბა.  შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. გასულ ღამეს კიევზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების დროს დაზიანდა ვატიკანის საელჩოც. პარალელურად, უკრაინის ძალებმა ღამის საათებში მოსკოვზე, ასევე რუსეთის ათობით რეგიონზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვამ 155 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, მათ შორის 11 მოსკოვისკენ მიმავალი. მოსკოვის ოთხი აეროპორტიდან სამმა – დომოდედოვოს, ვნუკოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს. როგორც „როიტერსი“ წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობას ავრცელებს.