რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. ღამის განმავლობაში რუსულმა მხარემ შეტევები განახორციელა დონეცკისა და ხერსონის ოლქებზე. შედეგად ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დონეცკის ოლქში კი სამი ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია კიდევ შვიდი პირი. ხერსონში რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა. რუსულმა არმიამ დაარტყა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ასევე საცხოვრებელ ტერიტორიებს. დაზიანდა მაღალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები. ასევე ბენზინგასამართი სადგური და რამდენიმე ავტომობილი. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა მათი მიმართულებით 157 უპილოტო საფრენი აპარატი და ოთხი რაკეტა გაუშვა. მათგან უკრაინის საჰაერო ძალებმა 98 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოახერხეს.