რუსეთმა ღამით უკრაინის ოლქებზე რაკეტებითა და უპილოტო აპარატებით მასირებული იერიში მიიტანა. ხმელნიცკის ოლქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულია ოთხი და დაშავებულია ხუთი ადამიანი. დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. დარტყმის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის მთლიანად დანგრეულია ექვსი კერძო სახლი. ასევე დაზიანებულია სასწავლო დაწესებულების შენობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ნიკოლაევში კი უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა ხუთსართულიან კორპუსზე განხორციელდა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი. შენობის ორი სართული მთლიანად დაინგრა. მასირებულ იერიშს კიევის ოლქში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 16 მოქალაქე, მათ შორის არიან ბავშვები. დარტყმებს ნგრევა მოჰყვა კიევის ოლქის ხუთ რაიონშიც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით კი, ჟიტომირის ოლქის დაბომბვის შედეგად დაღუპულია სამი ბავშვი. ასევე დაშავებულია 12 მოქალაქე. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი, კერძო სახლები და სამეურნეო ნაგებობები. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ჯამში 298 უპილოტო აპარატი და 70 რაკეტა გაუშვა. ამასთან, კიევში აცხადებენ, რომ დღეს პატიმრების გაცვლის მესამე ეტაპი უნდა განხორციელდეს.