რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქებზე მორიგი იერიშის დროს უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 149 დრონი გაუშვა. როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 67 უპილოტოს აპარატის ჩამოგდება შეძლეს. თავდასხმის სამიზნე ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, სუმის, დონეცკისა და ჩერკასკის ოლქები გახდა. რუსეთის ძალების შეტევის შედეგად არის მსხვერპლიც. დნეპროპეტროვსკის ოლქში ქალაქ პავლოგრადში დაღუპულია ერთი ადამიანი. ასევე დაშავდა 14 წლის გოგონა. ჟიტომირსა და ოდესასთან რუსულმა დრონებმა დააზიანეს სახლები. ოდესაში დაშავდა 35 წლის ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალაქში დაზიანებულია ორი საცხოვრებელი კორპუსი. ერთ-ერთ მათგანში ხანძარი გაჩნდა. დრონებით იერიშის შედეგად დაზიანებულია სახლები დნიპროშიც. ამასთან, რუსეთის ძალებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ნიკოპოლზე, სადაც რვა კერძო სახლი და გაზსადენი დაზიანდა. ამას გარდა, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის დანაყოფების საომარი მოქმედებების შედეგად, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოთხი ადამიანია მოკლული დონეცკის ოლქში, ერთი კი – ხერსონის.