რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე დრონებით იერიში მიიტანეს. დაღუპულია ერთი ადამიანი. ჟტომირსა და ოდესასთან რუსულმა დრონებმა დააზიანეს სახლები. უკრაინული მხარის ცნობით, პავლოგრადზე თავდასხმის შედეგად, 14 წლის გოგონა დაშავდა. ქალაქში დაზიანებულია ორი საცხოვრებელი კორპუსი. ერთ-ერთ მათგანში ხანძარი გაჩნდა. დრონებით იერიშის შედეგად დაზიანებულია სახლები დნიპროშიც. რუსეთის ძალებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ნიკოპოლზეც, სადაც რვა კერძო სახლი და გაზსადენი დაზიანდა. ამას გარდა, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის დანაყოფების საომარი მოქმედებების შედეგად, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოთხი ადამიანია მოკლული დონეცკის ოლქში, ერთი კი – ხერსონის.