უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე მასირებული შეტევის დროს გამოიყენა 215 რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალებში აცხადებენ, 24 აპრილის ღამეს, რუსმა სამხედროებმა კომბინირებული დარტყმა მიიტანეს უკრაინაზე, რა დროსაც გამოყენებული იყო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების სხვადასხვა ტიპის რაკეტა, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები. უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ჩამოგდებულია 112 დრონი, კიდევ 68 უპილოტო საფრენმა აპარატმა სამიზნეს ვერ მიაღწია. რუსეთის იერიში განხორციელდა კიევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირისა და ხმელნიცკის ოლქებზე. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მხოლოდ კიევში დაღუპულია სულ მცირე რვა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 70 პირმა, მათ შორის არის ექვსი არასრულწლოვანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულების ნაწილი ნანგრევებშია მოყოლილი და მათი ძებნა გრძელდება.