უკრაინელმა სამხედროებმა უარყვეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ჯარმა ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე სოფელი სტეპოვე გაათავისუფლა. „ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი, რომლის მიზანიცაა მათი საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება“, – განაცხადა სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, ვლადისლავ ვოლოშინმა. მან მედიას განუცხადა, რომ უკრაინის არმიას ბოლო ორი დღის განმავლობაში არ დაუკარგავს არანაირი ტერიტორია ამ რეგიონში. პარალელურად, კურსკის ოლქის ქალაქ სუჯიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. კურსკის რეგიონის მოქმედი გუბერნატორის ცნობით, 12 მარტიდან 371 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის 14 ბავშვი. შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა ძალებმა გასული წლის აგვისტოში კურსკის რეგიონში გარკვეული ტერიტორიები დაიკავეს, თუმცა პუტინი ამჟამად აცხადებს, რომ რუსეთი სრულად აკონტროლებს კურსკს და უკრაინელი ჯარისკაცები „იზოლირებულები“ არიან. აღნიშნულ განცხადებებს უკრაინის ოფიციალური პირები უარყოფენ.