რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 100 უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა განახორციელა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 65-ის ჩამოგდება შეძლეს. თავდასხმა განხორციელდა ოდესის, კიევის, სუმის, პოლტავას, ჩერკასის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის რეგიონებში. რუსული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად დაზიანდა კერძო საწარმოები, ინფრასტრუქტურული ობიექტები, საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები. ოდესის რეგიონზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა სახლები, სკოლის შენობა და მანქანები. ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ დრონის ჩამოგდების შედეგად ნოვობავარსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა. სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.