რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის ხელისუფლება უკრაინის ტერიტორიიდან დრონებით განხორციელებული შეტევის შესახებ იუწყება. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, გუშინ ღამით 4 დრონი ჩამოაგდეს. მათგან სამი როსტოვის ოქლში, ერთი კი ვორონეჟში გაანეიტრალეს. მანამდე რუსული და უკრაინული მედია წერდა, რომ თვითმხილველებმა როსტოვის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომ „მილეროვოსთან“ აფეთქებების შესახებ გაავრცელეს ცნობები. როსტოვის ოლქის ხელმძღვანელის თქმით, გუშინ ქალაქ მილეროვოში 8 დრონი გაანადგურეს. პარალელურად, საჰაერო შეტევის სირენა ღამით ორჯერ ჩაირთო კიევში. ხელისუფლება იუწყებოდა, რომ კიევის ოლქისკენ დრონები გაუშვეს. რაც შეეხება ვითარებას ფრონტის ხაზზე, ბოლო 24 საათში, 235 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსმა სამხედროებმა 46 შეტევა განახორციელეს კურსკში, რომლის ნაწილსაც კვლავ უკრაინელი ჯარისკაცები აკონტროლებენ. 32-ი შეტევა იყო დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს მიმართულებითაც.