უკრაინამ რუსეთში, კურსკის ოლქში დაკავებული ტერიტორიების 40%-ზე მეტზე კონტროლი დაკარგა. ამის შესახებ „როიტერი“ უკრაინის გენერალურ შტაბის წყაროზე დაყრდნობით წერს. ამასთან, წყაროს განმარტებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები გეგმავენ რუსეთის ტერიტორიაზე დარჩენას იქამდე, სანამ ეს სამხედრო თვალსაზრისით მიზანშეწონილი იქნება. ჟურნალისტების ინფორმაციით, რუსეთმა კურსკში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შემდეგ ამ ოლქის სიახლოვეს, დაახლოებით, 59 ათასი სამხედრო მოსამსახურე განალაგა. უკრაინის გენშტაბის წყარომ „როიტერს“ ასევე დაუდასტურა, რომ კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეიდან 11 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჩაიყვანეს, თუმცა მათი უმრავლესობა კვლავ მომზადებას გადის. რაც შეეხება ვითარებას დონბასში, რუსეთი დონეცკის ოლქში შეტევებს განაგრძობს. უკრაინელი სამხედროების ცნობით, ბოლო 24 საათში 250-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთი თავდასხმებს აგრძელებს უპილოტო საფრენი აპარატებითაც. გუშინ ღამით განადგურდა ათობით დრონი. თავის მხრივ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ გუშინ ღამით, უკრაინიდან რუსეთის მიმართულებით გაშვებული 40 დრონი ჩამოაგდო.