გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის ოლქები დაბომბეს. კინჟალის ტიპის რაკეტებით დაიბომბა ლვოვის, სადაც სამიზნე კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა იყო. ოდესის პორტებსა და დნეპროპეტროვსკიზე კი რუსებმა იერიში დრონებით მიიტანეს. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც. დაიბომბა სუმის ოლქიც. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში 75 საბრძოლო შეტაკება მოხდა, რა დროსაც რუსეთმა 14 სარაკეტო და 106 საავიაციო დარტყმა განახორციელა. უკრაინის გენშტაბის ცნობით კი, იერიშები მოიგერიეს ლიმანის, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებებზე, სადაც მოწინააღმდეგე თავდაცვის გარღვევას შეეცადა. გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმისას ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფრენის განმავლობაში რაკეტას სამხედრო-სარადარო სისტემების მეშვეობით აკონტროლებდნენ.