რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

მეორე ღამეა, რუსეთი კიევს დრონებით ესხმის თავს. უკრაინის დედაქალაქში ღამით საჰაერო განგაში რამდენჯერმე გამოცხადდა. როგორც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე და დედაქალაქის მისადგომებთან მტრის დაახლოებით ათი სამიზნე გაანადგურეს. მისივე ცნობით, კიევში არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი ნგრევა. იერიშის შედეგად დაშავებულები არ არიან. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ 18 ნოემბრის ღამით, უკრაინის ძალებმა ქვეყნის თავზე 30-მდე კამიკაძე-დრონი გაანადგურეს. აღსანიშნავია, რომ მოსკოვის მახლობლად დრონის ჩამოგდების შესახებ დღეს მოსკოვის მერმაც განაცხადა.