რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომის 545 დღეს, უკრაინის ქალაქ კრივოი როგში აფეთქება მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა რუსული რაკეტებით განხორციელდა. აფეთქების შესახებ ინფორმაციას კრივოი როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. სარაკეტო იერიშის საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა დნეპროპეტროვსკის რეგიონშიც. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის განმავლობაში ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის საჰაერო სივრცეში ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ორი მათგანი მოსკოვთან, ხოლო კიდევ ორი – ბრიანსკის ოლქში. ადგილზე მობილიზებულები არიან სპეცსამსახურები. უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის პერიოდში რუსეთის დედაქალაქის ორი აეროპორტი, შერემეტიევო და დომოდედოვო დროებით დახურეს. მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკვე რამდენიმე დღეა ხორციელდება. რუსეთი იერიშებში უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინა ოფიციალურად ამ მოვლენებზე კომენტარს არ აკეთებს.