ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ისევ რთული ვითარებაა. კიევის, ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში აფეთქებების ხმა ისმოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის მიმართულებით რუსეთმა 7 რაკეტა გაისროლა, ჩამოგდებულია 6, მსხვერპლი არ არის. „ტელეგრამ“ არხებით ვრცელდება ცნობები, რომ აფეთქებების ხმა გაისმა კიევთან ახლოს ქალაქ ბელაია ცერკოვშიც. ასევე, ქალაქ ხარკოვშსა და სუმის ოლქის ქალაქ შოსტკში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში საჰაერო იერიშის მანიშნებელი სიგნალი უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე იყო ჩართული. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ჯერ ცნობები არ ვრცელდება. რაც შეეხება ვითარებას ფრონტის ხაზზე, უკრაინული მედიის ცნობით, ლუგანსკის ქალაქ ლისიჩანსკის აღების შემდეგ, რუსები ფაქტობრივად სრულად აკონტროლებენ ამ რეგიონს და შეტევას ამზადებენ სლავიანსკსა და ბახმუტზე. საბრძოლო მოქმედებები გრძელდებოდა ხარკოვის მიმართულებითაც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უკრაინელებმა შეძლეს წარმატებული შეტევის განხორციელება. შედეგად განადგურებულია მტრის ცოცხალი ძალა და ჯავშანმანქანები. პოლიციის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის მიმართულებით გახსნილ ცეცხლს 30 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. სამხრეთის მიმართულებით, კერძოდ ხერსონის ოლქში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა 30 ოკუპანტი და საბრძოლო მასალის ორი საწყობი გაანადგურეს. უკრაინის სამხედრო მეთაურების ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის კუთვნილი ერთი ტანკი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 8 ავტომობილი გაანადგურეს.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი საწყობი გაანადგურეს დონბასშიც.