ომის 104-ე დღე უკრაინაში. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი კვლავ დონბასია. გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა მხარემ რუსეთის 10 შეტევა მოიგერია. განადგურებულია მოწინააღმდეგის ტექნიკა. ამასთან, დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში, რუსეთის დაბომბვას ოლქში ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა. რუსეთის ძალებმა 40-მდე დარტყმა განახორციელეს სუმის ოლქზე. წინასწარი ინფორმაციით, იერიშებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში, სადაც უკრაინელ დამცველებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის ქუჩის შეტაკებები მიმდინარეობს. რუსეთის ძალები ასევე ბახმუტი-ლისიჩანსკის ავტომაგისტრალის დაკავებას ცდილობენ.