რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინამ ლუგანსკზე კონტროლი დაკარგა.

ოლქს ახლა მთლიანად რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. სევეროდონეცკის შემდეგ ლისიჩანსკი იყო ბოლო ქალაქი, რომლის აღებას მოწინააღმდეგეები ყველა სახის შეიარაღების გამოყენებით ცდილობდნენ. სამხედრო უპირატესობის გამო მოსალოდნელი სერიოზული საფრთხეების გათვალისწინებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლისიჩანსკიდან ქალაქის მცველების გაყვანა გადაწყვიტეს. ახლა რუსი სამხედროების შეტევების მთავარი სამიზნე დონეცკის ოლქის ის დასახლებები ხდება, რომელთა ოკუპირება ამ დრომდე ვერ მოახერხეს. ინტენსიური საომარი მოქმედებების პარალელურად მსოფლიო ლიდერები ომში მყოფი ქვეყნის აღდგენის გეგმაზე შვეიცარიაში მსჯელობენ. ქალაქ ლუგანოში მიმდინარე კონფერენციაზე ევროკომისიის ინიციატივა განიხილეს და უკრაინის აღდგენის პლატფორმის შექმნაზე შეთანხმდნენ. მონაწილეებს ვირტუალურად მიმართა ზელენსკიმ, რომელიც მსოფლიო ლიდერებს განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენის საკუთარ გეგმას სთავაზობს.