რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევისთვის ემზადებიან - უკრაინის გენშტაბი
რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევის განახლებისთვის ემზადებიან სლავიანსკის, კურახოვოსა და ავდეევკის მიმართულებით, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაში აღნიშნული. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ ამავდროულად, დაქვეითებულია დონეცკის მიმართულებით მოქმედი რუსული პირველი საარმიო კორპუსის ქვედანაყოფების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის დონე და ეს განპირობებულია მათი ქვედანაყოფების მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, რომელთა შევსება მობილიზებულთა ხარჯზე მოხდა. გენშტაბის ცნობით, კვლავ ნარჩუნდება ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით სარაკეტო იერიშის საფრთხე. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ოკუპანტები გააგრძელებენ სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. გარდა ამისა, საოკუპაციო არმია სადესანტო-საზღვაო ოპერაციასაც ამზადებს. პარალელურად, გრძელდება რუსული შენაერთების მოძრაობა უკრაინის ტერიტორიისკენ რუსეთის კურსკის, ბრიანსკის და ვორონეჟის რეგიონებიდან. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე არიან, უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ. თუმცა, ამასთან ერთად, მათ მაინც შეძლეს საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგების დაგროვება.