რუსეთის საგარეო უწყების განმარტება

რუსეთი ისევ იმუქრება და იუწყება, რომ მოსკოვის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიების უარყოფის შემთხვევაში, კონტრსაფრთხეების შექმნის რეჟიმში გადავლენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს განცხადებით, ის რაც მოსკოვმა დასავლეთს შესთავაზა, დაპირისპირების სამხედრო სცენარის პოლიტიკურ პროცესში გადაყვანას წარმოადგენს და უსაფრთხოების გაძლიერებისაკენ არის მიმართული. თუმცა, თუ რუსეთის წინადადებას დასავლეთი არ მიიღებს, მოსკოვი ახალ გეგმას აამოქმედებს.  შეგახსენებთ, რუსეთმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან ხელშეკრულებების პროექტები, რომლებიც ევროპაში უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებს, კერძოდ, შუალედური და მოკლე რადიუსის რაკეტების მოსაზღვრე რეგიონებში განთავსებისგან და აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომ გაფართოებაზე უარის თქმას მოიცავს.

„ნარატივი, რომელსაც ავრცელებს რუსეთის ფედერაცია, რომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს მისი უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები და ალიანსები, არის მათი მხრიდან ორმაგი სტანდარტი, ისინი თავად არიან ხელისმომწერები პარიზის და ჰელსინკის ქარტიების, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეთანხმების, რომელიც აღიარებს ქვეყნის უფლებას, თვითონვე აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ჩარჩოები და ალიანსები“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს წესდებაში ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ არც ერთ ქვეყანას, მესამე მხარეს არ აქვს უფლება გავლენა მოახდინოს ნატო-ს გაფართოებაზე.