რუსეთის საგარეო უწყება ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარტნიორები ნატო-ში არ მალავენ, რომ აიარაღებენ მას რუსეთის შესაკავებლად, ასეთ სიტუაციაში რუსულ მხარეს უფლება აქვს, მიიღოს ადეკვატური ზომები. შეხვედრაზე გრიგორი კარასინმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოსა და ნატო-ს შორის მზარდი თანამშრომლობის გამო.

ასევე, უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე დეტალურად იყო განხილული ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკული საკითხები. შეხვედრას განცხადებით ეხმაურება საქართველოს საგარეო უწყებაც. გრიგორი კარასინთან  შეხვედრისას ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პრაღის შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები. ითქვა, რომ ამ სფეროებში აღინიშნება დადებითი დინამიკა.

 

დატოვე კომენტარი