რუსეთი უკრაინის საზღვართან ძალების დემონსტრირებას ახდენს

უკრაინა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რჩება – რუსეთი უკრაინის საზღვართან ძალების დემონსტრირებას ახდენს. ცოცხალი სამხედრო ძალის კონცენტრირებისა და ტექნიკის მობილიზების პარალელურად, მოსკოვი ახალ წვრთნებსაც ატარებს და საბრძოლო მზადყოფნას ამოწმებს.

კრემლის ულტიმატუმებზე ვაშინგტონის წერილობითი პასუხით და ბრიუსელიდან მიღებული გზავნილების შინაარსით კრემლი უკმაყოფილოა და დასავლეთს პირდაპირ ეუბნება, რომ მისი ინტერესების იგნორირების უფლებას არავის მისცემს. 2014 წლის მოვლენების გამეორებისა და რუსეთიდან უკრაინაზე კიდევ ერთი თავდასხმის საფრთხეს აშშ და ნატო რეალურად მიიჩნევს, რის გამოც მოსკოვის მისამართით გამაფრთხილებელი განცხადებები სულ უფრო აქტიურდება. პარტნიორების მხარდაჭერით კიევი კმაყოფილია, თუმცა, ზოგიერთი ქვეყნის პოზიციის გამო, შენიშვნების ღიად გამოთქმასაც არ ერიდება. კრიტიკის ობიექტი ამჯერად გერმანიაა.