შეწყდება თუ არა უკრაინაში ცეცხლი 30 დღით და ამოქმედდება თუ არა დროებითი ზავი – საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მიღწეული შეთანხმების აღსასრულებლად რუსეთს საკუთარი პირობა აქვს.
ოფიციალური მოსკოვის წინადადებებს გაეცნო ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი, რომელიც მოსკოვიდან ვაშინგტონში უკვე გაემგზავრა. პუტინის პოზიციის მოსმენის შემდეგ ოპტიმისტურადაა განწყობილი დონალდ ტრამპი, რომელიც შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად ახლა მოსკოვიდან საკუთარი წარმომადგენლის დაბრუნებას ელოდება. დიდი ალბათობით, სწორედ სტივ ვოდკოფის მიერ მიწოდებული ინფორმაცია განსაზღვრავს, როდის დაიგეგმება ტრამპისა და პუტინის შეხვედრა. მოსკოვის მხრიდან ზავის იდეისადმი თანხმობას, თუმცა ცალკეული ნიუანსების ხსენებას ომის გაგრძელების სურვილად და 30-დღიანი ზავის უარყოფად აფასებს ოფიციალური კიევი. თავის მხრივ რუსეთის ხელისუფლება მკაფიო გზავნილს იღებს ევროპიდან. დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთს ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობისკენ მოუწოდებენ, სხვა შემთხვევაში ახალი სანქციებით ემუქრებიან.