უკრაინის დახმარებაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს დიდ ბრიტანეთში.
ლონდონში თავდაცვის სამიტი გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი მონაწილეობდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სამიტზე ლიდერები ოთხ მნიშვნელოვან ნაბიჯზე შეთანხმდნენ, ესენია: „ომის მიმდინარეობისას უკრაინაში სამხედრო დახმარების ნაკადის შენარჩუნება და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება; ნებისმიერი ხანგრძლივი მშვიდობა უნდა უზრუნველყოფდეს უკრაინის სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას; უკრაინა უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან; სამშვიდობო შეთანხმების დადების შემთხვევაში ევროპელი ლიდერები ეცდებიან, შეაკავონ რუსეთის მხრიდან უკრაინაში მომავალი შეჭრის მცდელობა. იქმნება „მსურველთა კოალიცია“ უკრაინის დასაცავად და ქვეყანაში მშვიდობის გარანტირებისთვის“. თავის მხრივ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უკრაინას მილიარდ 600 მილიონ ფუნტს გადასცემს 5 000-ზე მეტი რაკეტის შესაძენად. კირ სტარმერის განმარტებით, მათი მიზანია უკრაინის დაყენება ძალიან ძლიერ პოზიციაში, რათა შეძლონ მოლაპარაკებების წარმოება ძლიერი პოზიციიდან, თუმცა, ამავე დროს მისივე თქმით, შეთანხმებას აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება.