რუსეთ-უკრაინის ომი
რუსეთის არმიის მიერ უკრაინის პოლტავის რეგიონის დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის თანახმად, პოლტავის რეგიონზე რაკეტებით და უპილოტო აპარატებით მოხდა თავდასხმა, რის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 კი – დაშავდა. გავრცელებული ცნობით, პოლტავის ორ ადგილას პირდაპირი დარტყმა მოხდა, ასევე ჩამოცვივდა ნამსხვრევები. თავდასხმამ დააზიანა სამრეწველო ობიექტი, რის შედეგადაც 3 480 მომხმარებელი გაზის გარეშე დარჩა. ასევე დაზიანდა რკინიგზის ინფრასტრუქტურა. ამასთან, მედიის ინფორმაციით, ამოუცნობმა დრონებმა ღამით რუსეთის ლენინგრადის ოლქზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგად კირიშიში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. მონიტორინგის სისტემამ ლენინგრადის რეგიონში, „კირიშინეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ღამით მომხდარი თავდასხმების შემდეგ ხანძარი დაადასტურა.