მოსალოდნელია თუ არა უკრაინის ომის ესკალაცია – უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ჩრდილოკორეელი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის მხარდასაჭერად უახლოეს დღეებში ჩაერთვებიან.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული ქვეყნის ჯარისკაცების რუსეთში გადაყვანას თეთრი სახლი ადასტურებს და შესაბამის მტკიცებულებებზე მიუთითებს. რუსეთის პრეზიდენტი შესაბამის კითხვაზე პირდაპირ პასუხს თავს არიდებს. ფხენიანმა ბრიუსელიდან უკვე მიიღო გამაფრთხილებელი გზავნილი. ევროკავშირი საომარ მოქმედებებში ჩრდილოკორეელი სამხედროების შესაძლო ჩართვით შეშფოთებულია. ამ კონტექსტში ბოლო დღეებში არაერთხელ ახსენეს კიმ ჩენ ირსა და პუტინს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც რუსეთის სათათბირომ უკვე დაამტკიცა.