რუსეთ-უკრაინის ომი
რუსეთში ღამით, 13 რეგიონში, ანექსირებულ ყირიმსა და აზოვის ზღვაზე 356 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, აცხადებს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, მოსკოვის მიმართულებით 390-ზე მეტი დრონი დაფიქსირდა, მათგან 81 დედაქალაქთან მიახლოებისას ჩამოაგდეს. თავდასხმების გამო, რამდენიმე აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. რუსული მხარის ცნობით, დრონებით დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, რიაზანის ოლქში ერთი ადამიანი დაშავდა, ბელგოროდის ოლქში კი ავტობუსზე დრონის მოხვედრის შედეგად არიან დაშავებულებიც. იერიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს უკრაინული მხარეც. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ღამით 131 დრონი გაუშვა, საიდანაც 107 გაანადგურეს ან ჩაახშეს, თუმცა 16 დრონი ცხრა სხვადასხვა ლოკაციას მოხვდა. სუმის ოლქში რუსეთის ავიაიერიშის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაშავდა.