რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლში

დღეს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. მოლაპარაკებების დაწყებას გარეთ უკვე ასამდე ჟურნალისტი ელოდება. დოლმა-ბაჰჩეს სასახლის მახლობლად უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. რუსული მედიის, „ტასის“ წყაროს ინფორმაციით, რუსეთის დელეგაცია უკრაინის წარმომადგენლებთან შესახვედრად სტამბოლში უკვე ჩავიდა. დელეგაციაში არ შედის ვლადიმერ პუტინი. მოლაპარაკებებს სავარაუდოდ არც დონალდ ტრამპი დაესწრება. როგორც ცნობილია, თურქეთს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვევა. მას ანკარაში პრეზიდენტ ერდოღანთან აქვს შეხვედრა დაგეგმილი. გასული კვირის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავად შესთავაზა უკრაინას მოლაპარაკებების განახლება. როგორც გაირკვა, რუსეთის დელეგაციას პუტინის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი. რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ექსპერტთა შემადგენლობაც განსაზღვრა. „სიენენი“ წერს, რომ თურქეთში გამგზავრებას არც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს. თუმცა, მანამდე ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩასვლა არ გამორიცხა. დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, მოლაპარაკებებისთვის 16 მაისს სტამბოლში სახელმწიფო მდივანთან ერთად ჩავა. მარკო რუბიო ამჟამად ანტალიაში იმყოფება, ის ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება.