რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დაწყებულია

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დაწყებულია – მსოფლიოს ყურადღება სწორედ ამ დისკუსიისკენაა მიმართული. შედგება თუ არა შეთანხმება, ომის მეხუთე დღეს ეს მთავარი კითხვაა. უკრაინა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას ითხოვს.

მოლაპარაკება უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე, გომელის ოლქში, მდინარე პრიპიატის რაიონში მიმდინარეობს. აუდიენციის დრომ დილიდან რამდენჯერმე გადაიწია. დელეგაციები უკვე ადგილზე იმყოფებიან. შეხვედრას ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება. უკრაინის დელეგაციაში თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტის აპარატის უფროსი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დეპუტატი რუსტემ უმეროვი და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე არიან.

რაც შეეხება რუსეთის წარმომადგენლობას, დუმის დეპუტატი ლეონიდ სლუცკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი არიან. ასეთია გავრცელებული ცნობები დელეგაციების შემადგენლობებთან დაკავშირებით.