რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში 

თითქმის 5 ათასამდე ინფიცირებული და 34 გარდაცვლილი – ასეთია ბოლო 24 საათის სტატისტიკა.

საქართველოში ეპიდ-ვითარება საგანგაშო ხდება. ქვეყანაში „კოვიდ-19“- ის 33 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულთა ყოველდღიურად მზარდი რაოდენობა მთავარი გამოწვევაა ჯანდაცვის სექტორისთვის, „დელტა“ შტამის სწრაფი გავრცელების და მძიმე მიმდინარეობის ფონზე იმატებს დატვირთვა საწოლ-ფონდზეც. ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-კლინიკად გადაკეთდა საავადმყოფოების უმეტესობა. არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგებმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი შეზღუდვების დაწესების თხოვნით მიმართეს, თუმცა საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მოუწევს თუ არა ქვეყანას ისევ „ლოქდაუნის“ რეჟიმში დაბრუნება – ამ კითხვას პასუხი მომდევნო დღეების ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ უნდა გასცეს. მანამდე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაბამის უწყებებს მოქმედი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი დაევალათ.