რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაცია საქართველოში

ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ რთულია. საქართველოში კორონავირუსის 4 411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 896 პირი. ვირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8,21%. გამკაცრდება თუ არა შეზღუდვები, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ინფექციონისტების ნაწილის თქმით, თუ იმუნიზაციის პროცესი არ გააქტიურდა, მაშინ ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტულ ჯგუფებში აცრა სავალდებულო უნდა გახადოს. ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, აქტიური კამპანია იმართება რეგიონებში. დილიდან კახეთში იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.