რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება და იზოლაციის ვადები

კოვიდ-სტატისტიკაში მცირედი დასტაბილურება შეინიშნება.

წინა კვირისგან გასხვავებით, ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად აღარ იმატებს და კლებისკენ მიდის. გუშინდელთან შედარებით, დღეს თითქმის 3 000-ით ნაკლები ახალი შემთხვევა გამოვლინდა – კორონავირუსი 22 444 ადამიანს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ პიკის პერიოდმა გადაიარა და ახლა ინფიცირების დინამიკის დაღმასვლა უნდა დაიწყოს. თუმცა, არც იმას გამორიცხავენ, რომ, ცალკეული ქვეყნების მსგავსად, ერთკვირიანი შუალედით კიდევ ერთი რთული ფაზა დაიწყოს. ეპიდაფეთქების და „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გამო იცვლება კარანტინსა და იზოლაციაში ყოფნის პროტოკოლი და ვადები. ინფიცირებულთა ნაწილისთვის იზოლაცია რვის ნაცვლად ხუთ დღეში დასრულდება, თუმცა ახალ პროტოკოლს გარკვეული პირობები აქვს.