რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება

146 ათასი ინფიცირებულით ხვდება ქვეყანა თებერვლის თვეს, რა დროსაც სპეციალისტების პროგნოზით, ვირუსის მე-6 ტალღა პიკს მიაღწევს და დღიური შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება. შემაშფოთებელი სტატისტიკის მიუხედავად, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებებს საწოლების პრობლემა არ აქვთ, თუმცა მედიკოსები შიშობენ, რომ ინფიცირებულთა რიცხვის გაორმაგების შემთხვევაში, სიტუაცია, შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს. საკმარისად აღარ მიიჩნევა ორჯერადად ვაქცინაცია, – ეპიდემიოლოგები მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრასაც გვირჩევენ. ექიმებს ჯერ კიდევ არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რა კვალს ტოვებს ახალი „ომიკრონ“ შტამი ჩვენს ჯანმრთელობაზე, სამაგიეროდ დარწმუნებით გვეუბნებიან, რომ იმუნიზაცია ინფექციის გადადების და დამატებითი გართულებების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. დღეს ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 17 ათასზე მეტი ახალი ფაქტი აღირიცხა, გარდაიცვალა 34 პაციენტი.