პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით, რომში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. რომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიის ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიას, რომელიც ხვალ გაიმართება, 200 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება. მათ შორის იქნებიან მსოფლიოს ლიდერები, კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ესპანეთიდან, შვედეთიდან და ბელგიიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები. რომის პოლიციის ცნობით, წმინდა პეტრეს მოედანზე დაახლოებით 2 000 ადგილობრივი პოლიციელი იქნება განლაგებული, რომლებსაც ეროვნული უსაფრთხოების ძალების ათასობით ოფიცერი შეუერთდება. როგორც „როიტერი“ წერს, პოლიციის ანონიმური წყაროს ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომები მოიცავს სნაიპერების განთავსებასაც. შაბათს ვატიკანის ირგვლივ ქუჩები გადაკეტილი იქნება ნებისმიერი სახის ტრანსპორტისთვის. დაკრძალვის ცერემონიალი შაბათს, დილით, ადგილობრივი დროით 10 საათზე დაიწყება. რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ვატიკანმა ინსულტი დაასახელა. ფრანცისკე იქნება პირველი პაპი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის გარეთ, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.
რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში, წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ ყაველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ღრმა მწუხარება პაპის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობა გამოუცხადა წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიასა და მილიონობით მორწმუნეს მთელ მსოფლიოში.
საქართველოს პრეზიდენტი ხვალ, ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. დღესვე, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან ერთად. დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა კათოლიკეებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში თანადგომა გამოუცხადა.