ამ წუთებში ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით ადამიანია შეკრებილი – კათოლიკური სამყარო რომის პაპის გარდაცვალებას გლოვობს.
პირველი სამხრეთ ამერიკელი პონტიფიკოსი, რომელიც კათოლიკურ ეკლესიას 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, დღეს დილით 88 წლის ასაკში აღესრულა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლს, ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ის ორმაგი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში ჯერ კიდევ თებერვალში გადაიყვანეს და ვატიკანის რეზიდენციაში მხოლოდ 38 დღიანი მკურნალობის შემდეგ დაბრუნდა. მრევლმა ფრანცისკე ბოლოს, 20 აპრილს აღდგომის დღესასწაულზე იხილა, როდესაც პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე გამოჩნდა და მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. ვატიკანი დილიდან მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და სამძიმრის წერილებს ავრცელებენ მსოფლიო ლიდერები. კათოლიკური ეკლესიის მეთაურს გარდაცვალებიდან ოთხი-ექვსი დღის განმავლობაში დაკრძალავენ.