რომეო მიქაუტაძის სასამართლო
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის პროცესზე, ბრალდების მხარემ მოწმეების დაკითხვა დაიწყო.
დაიკითხა ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ჯუმბერ ტურაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ რომეო მიქაუტაძის კურაციის ქვეშ ორი წელი, ენერგეტიკული პროექტების მიმართულებით მუშაობდა. პროკურორი დაინტერესდა, რა კავშირი და რა ინტერესი ჰქონდა ენერგეტიკულ პროექტებთან „მომავლის ენერგიასთან“ და „ნახიდურ ჰესთან“ რომეო მიქაუტაძეს, რაზედაც მოწმემ უპასუხა, რომ აღნიშნული პროექტები რომეო მიქაუტაძის თანამდებობაზე დანიშვნამდე იყო და სამინისტროში თანამშრომლებისთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნული პროექტები მიქაუტაძეს ეკუთვნოდა. რაც შეეხება „ჯეოკრაფტს“, მოწმის ჩვენებით, როდესაც შეიტყო, რომ აღნიშნული კომპანიის მეწილეები კახა ქებურია და გიორგი გიგინეიშვილი იყვნენ, ეჭვი გაუჩნდა, რომ ეს კომპანიაც რომეო მიქაუტაძესთან იქნებოდა დაკავშირებული, რადგან აღნიშნული პირები მისი მეგობრები არიან. თავად ბრალდებული დაინტერესდა რაიმე უკანონო დავალება მიუცია თუ არა აღნიშნული კომპანიებისთვის პრივილეგიების მინიჭების მიზნით, რაზედაც მოწმემ უპასუხა, რომ უკანონო დავალება არ მიუღია. მიქაუტაძეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.